2021 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა „აღსრულების კოდექსი“-ს კანონპროექტი.
აღსრულების კოდექსის პროექტის შექმნა განპირობებულია იმ მიზეზით, რომ დღეის მდგომარეობით აღსრულების სფეროში არ არსებობს ერთიანი და სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი. 1999 წლის 16 აპრილს მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი მოძველებულია და ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. კანონში წლების მანძილზე შეტანილი ცვლილებების სიმრავლის გამო გართულებულია კანონის და მისი შინაარსის აღქმადობა. კანონმა დაკარგა ფორმა და სტრუქტურა, რაც ართულებს მის გამოყენებას როგორც აღმასრულებლების, ისე სააღსრულებო წარმოების მხარეთა მიერ.
კანონპროექტის შექმნის მიზანია აღმოფხვრას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ნაკლოვანებები და დეტალურად და ქრონოლოგიურად განსაზღვროს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობა ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულების ცალკეული სპეციფიური წესები, მხარეთათვის დოკუმენტაციის ჩაბარებისა და შეტყობინების წესები და სხვა.
კანონპროექტის შესაბამისად, უქმდება “აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლისა“ და “კერძო აღმასრულებლის“ ინსტიტუტები და იქმნება ახალი სუბიექტი - სსიპ აღმასრულებელთა პალატა, რომლის შემადგენლობაში შევა ყველა აღმასრულებელი. აღმასრულებლებს განესაზღვრებათ კონკრეტული სამოქმედო ტერიტორია. შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე აღმასრულებელთა შორის აღსასრულებელი საქმეები საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადანაწილდება. კანონპროექტის თანახმად, სამომავლოდ იგეგმება, აგრეთვე, იმგვარი რეგულაციის ამოქმედება, რომლის თანახმად აღმასრულებელი უფლებამოსილი იქნება, საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებული საქმეების გარდა, კრედიტორის მომართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის გათვალისწინების გარეშეც განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა.
კანონპროექტის თანახმად, ჩნდება ახალი სუბიექტი - ინსპექტორი, რომელიც წარმოადგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირს და უზრუნველყოფს განსაზღვრული კატეგორიის საქმეთა აღსრულებას. აღსრულების ეროვნული ბიურო, ინსპექტორის მეშვეობით, განახორციელებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ წარმოებული საქმეების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის მქონე საქმეების აღსრულებას, ასევე განკარგავს “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ განსაზღვრული გირაოს და განრიდების ფარგლებში არსებულ თანხას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ინსპექტორი სარგებლობს აღმასრულებლის ყველა უფლებამოსილებით და მასვე ეკისრება აღმასრულებლის ყველა მოვალეობა, გარდა მის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკისა.
პარლამენტის მიერ აღსრულების კოდექსის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აღსრულების კოდექსის ძალაში შესვლა 2021 წლის ოქტომბრიდან იგეგმება.